geoyouth
facebook
სულ ხმების რაოდენობა:

















24 marti tuberkulozTan brZolis saerTaSoriso dRe

1. რა არის ტუბერკულოზი?

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია. ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. გარდა ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი).

2. ტუბერკულოზის ისტორია

დაავადება უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებსაც ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ემჩნევა. ეგვიპტეში აღმოაჩინეს მუმიები, რომლებსაც ტუბერკულოზურად შეცვლილი ძვლები აქვთ. დაავადების აღმოჩენისთანავე გახდა ცნობილი, რომ მას ინფექციური ბუნება აქვს. ამიტომ სპარსეთში დაავადებულებს, კეთროვნების მსგავსად, იზოლაციაში აქცევდნენ. ინდოეთში იკრძალებოდა შეუღლება როგორც დაავადებულთან, ისე მისი ოჯახის წევრებთან. დაავადება პირველად ჰიპოკრატემ აღწერა. მან მიუთითა, რომ უმთავრესად ახალგაზრდები ავადმყოფობენ არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორების ზემოქმედების პირობებში. „ტუბერკულოზი“ მედიცინაში ფრანგმა მეცნიერმა ლაენეკმა დაამკვიდრა. მნიშვნელოვან თარიღებად მიიჩნევა:

  • 1882 წელი, როდესაც გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა.
  • 1921 წელი, ფრანგმა მეცნიერმა კალმეტმა და გერენმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური BCD ვაქცინა შექმნა.
  • 1944 წელი ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დასაწყისად ითვლება, როდესაც მეცნიერ ვაქსმანის მიერ სინთეზურად მიღებულმა ანტიბიოტიკმა სტრეპტომიცინმა დაგამწყვეტი როლი შეასრულა დაავადების მკურნალობაში.[3]

3. ტუბერკულოზის ორგანიზმში შეჭრის გზები.

  • ტუბერკულოზით დაავადების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ადამიანისა და ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანის კონტაქტი ხდება დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ტუბერკულოზით დაავადება შეიძლება მოხდეს საკვების გზითაც, მაგალითად ინფექცია ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას ტუბერკულოზური მიკობაქტერიების შემცველი აუდუღარი რძის ან რძის პროდუქტების მიღებისას. ასეთ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული საქონელი.

ჭურჭლით ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცით,თეთრეულით) ტუბერკულოზი არ გადადის.

4. ტუბერკულოზის განვითარების სტადიები

ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ 2 სტადიას: ინფიცირებასა და დაავადებას.

  • ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით (ცხვირის ღრუ, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები) ჩასუნთქულ ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვის ალვეოლებს. თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალები ძლიერია, მაშინ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის წინააღმდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც ინფექციის გამომწვევის ირგვლივ ქმნიან სქელ კედელს და თრგუნავენ მის გამრავლებას: წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება ინფიცირებას. ინფიცირება ტუბერკულოზის განვითარების პირველ სტადიას წარმოადგენს. ინფიცირება ეწოდება იმ მდგომარეობას, როდესაც ტუბერკულოზის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანს არ აღენიშნება დაავადების გამოვლინებები და ნიშნები და არ წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის ჯანმრთელ პირებზე გადაცემის წყაროს. ინფიცირებულთა უმრავლესობას არ უვითარდებათ აქტიური ტუბერკულოზი, მხოლოდ შემთხვევათა 10 % ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დაავადება. ეს ხდება ინფიცირებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის დამცველობითი ძალების (იმუნიტეტის) დაქვეითების შედეგად.
  • დაავადების სტადიაზე: ავადმყოფს აღენიშნება ტუბერკულოზის ამა თუ იმ ფორმისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ავადმყოფი ძალზე ხშირად წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის ჯანმრთელ პირებზე გადაცემის წყაროს.

5.რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს?

ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის II ნახევარში.
  • ადვილად დაღლა
  • ღამის ოფლიანობა
  • მადის დაქვეითება
  • წონაში დაკლება
  • შრომისუნარის დაქვეითება

ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

  • გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა უპირატესად ნახველის გამოყოფით.
  • სისხლიანი ხველა.
  • ფილტვებიდან სისხლდენა.
  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში.
  • ჰაერის უკმარისობა.

6. რა შესაძლებლობები არსებობს ტუბერკულოზით დაავადების დასადგენად

  • გამოწვევის აღმოჩენა

ტუბერკულოზის მიკობაქტერიის აღმოჩენა შესაძლებელია ორი მეთოდით: როდესაც ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის ნახველი დიდი რაოდენობით შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს, მაშინ მათი აღმოჩენა ხდება ნახველის ნაცხის მიკროსკოპიის საშუალებით. ასეთი ავადმყოფები ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენენ. თუ ავადმყოფი უმნიშვნელო რაოდენობით გამოყოფს ტუბ. მიკობაქტერიებს, ხშირად შეუძლებელია მიკროსკოპიით მათი აღმოჩენა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ნახველის დათესვა სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე. ეს მეთოდი ცნობილია კულტურალური მეთოდის სახელწოდებით. კულტურალური მეთოდის მეშვეობით აგრეთვე შესაძლებელია ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მგრძნობელობის დადგენა სხვადასხვა ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატის მიმართ.

  • რენტგენოლოგიური გამოკვლევა

ფილტვის ტუბერკულოზის დიაგნოზის დასადგენად გამოიყენება გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა გამოიყენება ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დროსაც. ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოჩენის გარეშე მხოლოდ რენტგენოლოგიურად ნანახი პათოლოგიური ცვლილებების არსებობა საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა.

  • მანტუს სინჯი

მანტუს სინჯი კეთდება წინამხრის შიგნითა ზედაპირზე. კანში შეჰყავთ ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელი ტუბერკულინის შემცველი ხსნარი და 48-72 საათის შემდეგ აფასებენ რეაქციის შედეგს. მანტუს სინჯი არის სტანდარტული მეთოდი ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით ინფიცირებული პირების გამოსავლენად.[7]

7. ტუბერკულოზის მკურნალობა

ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებით. ის ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებისას. ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც 2 თვეს გასტანს, პაციენტი ყოველდღე იღებს 4 პრეპარატის – იზონიაზიდიდ, რიფამპიცინის, პირაზინამიდის და ეტანბუტოლის – კომბინაციას, გაგრძელების ფაზაში კი 2–3 მედიკამენტს 4 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი საშუალოდ ექვსთვიანია. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ზუსტად შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება და რეგულარულად და დროულად მიიღოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების ყოველდღიური დოზა, ვინაიდან წამლების არარეგულარული მიღებისას და მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლოა განვითარდესტუბერკულოზის მედიკამენტებისადმი გამძლე ( რეზისტენტული ) ფორმა, რომლის მკურნალობა გაცილებით რთულია და შედეგიც ყოველთვის არ არის სასურველი.

ეფექტური მკურნალობის დროს სიმპტომური გაუმჯობესება დაავადებულთა უმრავლესობას პირველ 2–3 კვირაში აღენიშნება. 4–5 თვის შემდეგ რენტგენოლოგიურად დასტურდება პროცესის სტაბილიზაცია. ავადმყოფთა უმრავლესობა 2 თვის შემდეგ ბაქტერებს აღარ გამოყოფს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა აუცილებლად ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში უნდა ჩატარდეს. პაციენტმა მედიკამენტის ყოველი დოზა უნდა მიიღოს სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობით.

თუ დაავადებული შეწყვეტს მკურნალობას ისევ გახდება გადამდები და დააინფიცირებს ოჯახის წევრებს. ასევე გახდება უფრო რეზისტენტული და საფრთხეს შეუქმნის საკუთარ სიცოცხლეს.

მკურნალობის ქირურგიული მეთოდი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება, მაშინ, როდესაც  სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა.

Geoyouth.ge - საქართველოში აივ პრევენციის პროექტი. ყველა უფლება დაცულია © 2017. დიზაინი CStudio