რა არის ორსულობის ტესტი და როდის ვიყენებთ?
ორსულობის ტესტს საფუძვლად უდევს რეაქცია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოავლინოს ორსულობის ჰორმონი – ქორიონული გონადოტროპინი. ქორიონული გონადოტროპინი – ორსულობისას პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონია. ის უზრუნველყოფს ყვითელი სხეულის შენარჩუნებას განაყოფიერების შემდეგ და მის მიერ ჰორმონ პროგესტერონის გამოყოფას. ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს შარდში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრული კონცენტრაციის არსებობისას. იშვიათ შემთხვევაში ორსულობის ტესტმა შეიძლება მცდარი პასუხი მოგვცეს - როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. თანაც მცდარი–უარყოფითი შედეგის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე მცდარი–დადებითის. დაეჭვებისას კი მიმართავენ სისხლის ანალიზს ქორიონულ გონადოტროპინზე (მისი უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო), ან ექოსკოპიას, თუკი ფეხმძიმობის სავარაუდო ვადა 4 კვირაზე მეტია.

ქალის სხეულში ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავებას იწყებს განაყოფიერებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც იმპლანტაცია ხდება, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე მაგრდება. იმპლანტაციამდე, თუნდაც განაყოფიერება უკვე მომხდარი იყოს, ქორიონული გონადოტროპინი არ გამომუშავდება და შესაბამისად ორსულობის განსაზღვრაც შეუძლებელია.
არსებობს ორსულობის დასადგენი ტესტების რამდენიმე სახეობა: ე.წ. "სტრიპ" ტესტი მარკერ–ზოლით, პლანშეტური (სტრიპ ტესტი ცელოფნის პლანშეტში) შარდისთვის საწვეთურით. ასევე ელექტრონული ტესტი, რომელიც ზოლების ნაცვლად აჩვენებს სიტყვებს "pregnant" –"ორსულობა", ან "not pregnant" –"არ არის ორსულობა".
ჩვეულებრივ ტესტების მწარმოებლები შეფუთვაზე აწერენ თუ როგორ უნდა მივიღოთ ზუსტი პასუხი. ეს დამოკიდებულია ტესტის მგრძნობიარობაზე, რაც, როგორც წესი, მითითებულია შეფუთვაზე – 10, 20, 25, 30 და შეესატყვისება ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციას შარდში. რაც უფრო მაღალია ტესტის მგრძნობელობა, მით ნაკლებია ციფრი შეფუთვაზე და მით მალე შეიძლება ორსულობის დადგენა.
ტესტები 10 მგრძნობელობით შეიძლება გამოვიყენოთ უკვე მეშვიდე–მერვე დღეს ოვულაციის შემდეგ. ისეც ხდება, რომ ტესტმა შეიძლება გვიჩვენოს უარყოფითი პასუხი ორსულობის შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, არ არის დაცული ტესტის ჩატარების ყველა პირობა და ორსულობის ვადა ძალიან პატარაა. ასეთ დროს რეკომენდირებულია ტესტი ერთი კვირის შემდეგ გავიმეოროთ.
ტესტმა შეიძლება აჩვენოს დადებითი შედეგი ორსულად არყოფნის შემთხვევაშიც, თუ ქალი მოიხმარს ქორიონული გონადოტროპინის შემცველ პრეპარატებს, ან თუ სისხლში მნიშვნელოვნად მომატებულია სხვა გონადოტროპული ჰორმონების დონე, რომელიც ქორიონული გონადოტროპინის სტრუქტურის მსგავსია, ან მენოპაუზის შემდეგ. ასევე ტესტი შეიძლება დადებითი დარჩეს ორსულობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის განმავლობაში. ტესტის დადებითი პასუხი გვამცნობს ორსულობის დადგომას, თუმცა მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს ორსულობის ზუსტ ვადას და მიმდინარეობას.
უნდა გვახსოვდეს რომ ტესტები საკმაოდ ეფექტურია მხოლოდ მენსტრუაციის გადაცდენის რამოდენიმე დღის შემდეგ. თუ დააკვირდებით თქვენს ორგანიზმს, შეამჩნევთ საეჭვო ნიშნებს უფრო ადრე, ვიდრე ორსულობის ტესტი მოგცემთ სწორ შედეგს.